
საქართველოს სპელეოლოგთა კავშირი
საქართველოს სპელეოლოგთა კავშირი არის თბილისში, საქართველოში დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია. 1990 წლიდან ჩვენი მიზანია მიწისქვეშა სამყაროს აღმოჩენა, გამოკვლევა და მისი შენარჩუნება. ჩვენ ვყოფილვართ უამრავ გამოქვაბულსა და კანიონში საქართველოსა და ევროპის ტერიოტრიებზე. ჩვენს ექსპედიციებში მონაწილე ადამიანებს აერთიანებთ ბუნების სიყვარული, თავისუფალი სული და ცნობისმოყვარეობა, რაც მათ დაუვიწყარი გამოცდილებების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ ტურიზმის განვითარებაში და ვუძღვებით ისეთ პროექტებს, როგორებიცაა: ტურისტული მარშრუტების მარკირება, ბილიკების რუკების შედგენა და ტურიზმის ხელმისაწვდომობა ყველასთვის, უფრო მეტად კი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისათვის. ორგანიზაციას შესრულებული აქვს პროექტი სამაშველო სამსახურის დასახმარებლად, რომელიც მიზნად ისახავდა მოლაშქრეთა გეო-ლოკაციის დადგენას ისეთ ადგილებში, სადაც მობილური კავშირგაბმულობა არ არის.
2007 წლიდან ჩვენი აქტივობის ერთ-ერთი მთავარი სფერო გახდა ახალგაზრდებთან მუშაობა. გვაქვს გაცვლითი მულტიკულტურული პროექტები და ტრენინგები, რომლებიც ემყარება არაფორმალურ განათლებას. ნებისმიერი წარმომავლობის ადამიანს შეუძლია შემოუერთდეს ფერად გარემოს, რომელსაც ვქმნით შუა აღმოსავლეთისა და ევროპის ტერიტორიებზე.