სამზარეულოში დგახარ და ემზადები იმისთვის, რომ ახალგაჩენილ მეგობრებს საკუთარი ქვეყნიდან რამდენიმე კერძი გაასინჯო. ამ დროს ხვდები, რომ შენს გარშემო 10 სხვადასხვა ენაზე საუბრობენ, განსხვავებული კულტურის ისტორიებს ყვებიან და კერძებს ამზადებენ. ეს ერთი ჩვეულებრივი დღეა, “Metropolis 2026”-დან, რომელიც ათი ქვეყნიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს გერმანიაში, ქალაქ ვისბადენში აერთიანებს. პროექტი გამოირჩევა კულტურული მრავალფეროვნებით, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს, გაიჩინონ ახალი საერთაშორისო მეგობრები და მეტი გაიგონ მათი წარმომავლობის შესახებ.
პროექტის მონაწილეებს აერთიანებს ხელოვნება, რასაც მთლიანი პროექტი ეთმობა. მონაწილეები მუშაობენ რამდენიმე ჯგუფში – ფოტოგრაფია, ვიდეოგრაფია, თეატრი და მავთულით ხელნაკეთი ნივთების დამზადება. პროექტის დასასრულს კი, ყველა ჯგუფი წარადგენს საკუთარ ნამუშევარს. ARCO-ს (მასპინძელი ორგანიზაცია) სივრცეში ვნახავთ პატარა წარმოდგენას, გაიმართება ვიდეოების ჩვენება, ფოტო და ხელნაკეთი სამკაულის გამოფენა. კრეატიული მუშაობა მონაწილეებს საშუალებას აძლევს აღმოაჩინონ ახალი უნარები და გატაცებები, იპოვონ ინსპირაცია და უკეთ შეძლონ საკუთარი თავის გამოხატვა. ვორქშოფების მიზანი სწორედ ეს არის – ახალგაზრდებს ჰქონდეთ საჭირო ტექნიკური ცოდნა, კრეატიული თვითგამოხატვისთვის.
მესამე ფაქტორი, რაც პროექტს არა უბრალოდ ტრენინგ კურსად, არამედ სრულიად ახალ და საინტერესო გამოცდილებად აქცევს, არის მისი ადგილმდებარეობა. მონაწილეები 10 დღეს სუფთა ჰაერზე, კარვებში, საქემფინგედ მოწყობილ სივრცეში ატარებენ. “Jugendnaturzeltplatz” ის ადგილია, სადაც ყოველ დილით ჩიტების ჭიკჭიკი გაღვიძებს, ხის ჩრდილში ისვენებ შუადღეზე და პიტნა ჩაისთვის შეგიძლია ბაღშივე დაკრიფო. ბუნებასთან სიახლოვე პროექტს სძენს თავისებურ კომფორტს, რაც მონაწილეებს ეხმარება მეტად დაახლოვდნენ საკუთარ თავთან, ერთმანეთთან და რაც მთავარია ხელოვნებასთან. კულტურული მრავალფეროვნების, გარემოსთან მჭიდრო კავშირის და კრეატიული აზროვნების შერწყმით იქმნება ძალიან სასარგებლო პროექტი.
პროექტში ჩართული არის ხუთი ქართველი მონაწილე. აქედან სამი, მათ შორის მეც, პროექტზე გაეროს მოდელირების მეშვეობით მოვხვდით. მონაწილეობა მივიღეთ Georgian Future Diplomats Association-ის (GFDA-ს) გაეროს მოდელირების პროექტში, რომლის გამარჯვებულებიც, “Metropolis 2026” – ის მონაწილეობით დაჯილდოვდნენ. გაეროს მოდელირება სიმულაციური პროექტია, სადაც დელეგატები ირგებენ სხვადასხვა როლებს და მართავენ დიპლომატიურ დისკუსიებს, კონკრეტული თემის გარშემო.
ქემფინგი მონაწილეებს ბევრი მნიშვნელოვანი უნარის განვითარებაში უწყობს ხელს. მათ უწევთ საკუთარი სივრცის მოწესრიგება, განაწილებული განრიგის მიხედვით ბანაკის ტერიტორიაზე დახმარება – სამზარეულოს ან დასუფთავების საქმეში მონაწილეობის მიღება. დიდი ყურადღება ეთმობა ნარჩენის სწორად დახარისხებას და რესურსების გაფრთხილებას. ახალგაზრდები პასუხისმგებლობით ეკიდებიან მსგავს საკითხებს, რასაც რეალურ შედეგამდე მივყავართ. პროექტიდან დაბრუნებული მონაწილე, ახალი უნარებით და მოტივაციით აგრძელებს საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებას და თუნდაც პატარა ცვლილებებით, პროგრესს გადის.
“Metropolis 2026” ერასმუს+ პროექტია, რაც იმას ნიშნავს რომ მონაწილეებს უფინანსდებათ მგზავრობა, განთავსება და კვება. გარდა ამისა, მონაწილეები პროექტის ბოლოს იღებენ Youthpass სერთიფიკატებს, რომელიც გახლავთ ერასმუს+ და ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროგრამებისთვის განკუთვნილი დოკუმენტი. ის ხაზს უსვამს, მონაწილის ახალგაზრდულ საქმიანობას და უნარიანობას. Youthpass-ის ფოკუსია საკვანძო (რვა) კომპეტენციები მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისათვის – ევროპული ჩარჩო. ეს რვა კომპეტენცია არის – უცხო ენაზე კომუნიკაცია ; მათემატიკური უნარ-ჩვევები და საბაზისო კომპეტენციები მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში ; ციფრული კომპეტენცია ; დამოუკიდებლად სწავლის უნარი ; პიროვნებათაშორისი და მოქალაქეობრივი კომპეტენციები ; მეწარმეობა ; კულტურული გამომხატველობა ; პროექტის ფარგლებში, მონაწილეები ამ კომპეტენციებიდან ყველაზე მუშაობენ, პროპორციულად – პროექტის მიზნიდან გამომდინარე, Youthpass სერთიფიკატი კი ამას ადასტურებს.
პროექტი მონაწილეებისთვის ქმნის მეგობრულ, კრეატიულ, კრიტიკულ და პროგრესულ სივრცეს, ამ სივრცეში შემდეგი კი შეიძლება შენ იყო.





